saqarTvelos kuTxeebi da teritoriuli mowyoba  
  
 
 


afxazeTis avtonomiuri respublika

საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიული ცენტრია ქალაქი სოხუმი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა ადმინისტრაციულად 7 მუნიციპალიტეტად იყოფა:

aJaris municipaliteti gagris municipaliteti galis municipaliteti gudauTis municipaliteti
gurlifSis municipaliteti oCamCires municipaliteti soxumis municipaliteti  

საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, დღეს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით, უკავია 8,7 ათ. კვ.კმ. ტერიტორია მდინარეებს ენგურსა და ფსოუს შორის. ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ (იხ. საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესხებ), იმართება მარიონეტული დე ფაქტო ხელისუფლების მიერ. მისი დამოუკიდებლობა აღიარა რუსეთმა და სხვადასხვა გარიგებების სანაცვლოდ ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ. ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, სამხრეთ-აღმოსავლეთით საოკუპაციო ხაზი გადის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ.

აერთიანებს რამდენიმე ისტორიულ ოლქს: საძენი (ანუ ჯიქეთი), ბზიფი, გუმა, შუა სოფელი, სამურზაყანო და წებელდა-დალი. აფხაზეთი, როგორც პოლიტიკური ერთეული, სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ტერიტორიას მოიცავდა და მისი საზღვრები არასდროს ემთხვეოდა ეთნიკურ აფხაზეთს, ე.ი. აფხაზური ტომებით დასახლებულ მიწებს. ადმინისტრაციული ცენტრი - სოხუმი.

istoriuli gegografia

აფხაზეთი მდინარე ენგურიდან მაცესტამდე (უბიხეთის საზღვრამდე) დასახლებული იყო აფხაზურენოვანი ტომებით, რომელიც აერთიანებდა რამდენიმე ისტორიულ ოლქს: საძენი (ანუ ჯიქეთი), ბზიფი, გუმა, შუა სოფელი, სამურზაყანო და წებელდა-დალი. აფხაზეთი, როგორც პოლიტიკური ერთეული, სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ტერიტორიას მოიცავდა და მისი საზღვრები არასდროს ემთხვეოდა ეთნიკურ აფხაზეთს, ე. ი. აფხაზური ტომებით დასახლებულ მიწებს.

afxazebi

ისტორიული აფხაზეთის ტერიტორიაზე სახლობდნენ აფხაზური ტომები. თითოეული ტომი წარმოდგენილი იყო საკუთარი დიალექტით. 1864 წელს კავკასიის ომის შემდეგ აფხაზური ტომების უმრავლესობა, უბიხებსა და ჩერქეზებთან ერთად გადაასახლეს ოსმალეთის იმპერიაში.

reliefi

გეომორფოლოგიურად აფხაზეთი ძირითადად მთაგორიანი რეგიონია. დაახლოებით 74% მთებსა და მთისწინეთს უჭირავს, დანარჩენი - ვაკე-დაბლობებს. მთიან ნაწილში სტრუქტურულ-დენუდაციური ქედები და მათ შორის მოქცეული ტექტონიკურ-ეროზიული ხეობები ჭარბობს. ქედებიდან უდიდესია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ - აღმოსავლეთისკენ გადაჭიმული კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი. ქედის მთავარი მწვერვალებია: აგეფსთა (3257 მ), ფსიში (3970 მ), ერწახვი (3910 მ), დომბაიულგენი (4046 მ), გვანდრა (3985 მ). ასევე კლუხორისა (2781 მ) და მარუხის (2746 მ) უღელტეხილები. ქედის ამგებელ კამბრიულისწინა კრისტალურ და პალეოზოურ მეტამორფულ ქანებზე ძველი და თანამედროვე მყინვარული ფორმებით მდიდარი ალპური რელიეფი სჭარბობს. მთავარი ქედი ციცაბოდ ეშვება მდინარეების საკენის, ჩხალთისა და ბზიფის ტექტონურ-ეროზიული ხეობებისაკენ. აფხაზეთის მთიანი შუა ნაწილი უჭირავს კავკასიონის გვერდით ქედებს: გაგრის, ბზიფის, კოდორისა და სვანეთ-აფხაზეთის ქედებს, რომლებსაც თავის მხრივ, მრავალი განშტოება აქვთ. გაგრის მერიდიანულ ქედზე, რომელიც მდინარეების გაგრიფშისა და ჟოეკვარის ხეობებს ბზიფის ხეობისაგან გამოყოფს, უხვადაა განვითარებული რელიეფის კარსტული ფორმები. აფხაზეთის თითქმის ცენტრალური ნაწილი ბზიფის სუბგანედურ ქედს (მწვ. კაპიშისტრა 3156 მ) მდინარეების კოდორის, ხიფსთის, ააფსთის, გუმისთის, კელასურისა და ბზიფის აუზების წყალგამყოფს უჭირავს. ქედის დასავლეთ ნაწილი კირქვებითაა აგებული და რელიეფის კარსტული ფორმებით ხასიათდება, აღმოსავლეთი ნაწილი პორფირიტულია, ჭარბობს მთა-ხეობათა ეროზიული და გლაციალური ფორმები. აფხაზეთის შუა, მთიანი ზოლის აღმოსავლეთი ნაწილი მდინარეების კოდორისა და ენგურის ღრმა ხეობებს შორის აღმართულ კოდორისა და სვანეთ-აფხაზეთის ქედებს უჭირავს. მწვერვალი ხოჯალის (3309 მ) დასავლეთით მდებარე კოდორის ქედი შედარებით დაბალია და თანამედროვე მყინვარებს მოკლებული. მწვერვალ ხოჯალის ჩრდილო-აღმოსავლეთით აზიდული სვანეთ-აფხაზეთის ქედი კი გაცილებით მაღალია (მწვერვალები მოგუაშირხა - 3847 მ, ხარიხრა - 3710 მ) და მარადი თოვლითა და მყინვარებით არის დაფარული. ამ ქედის ყველაზე მოხერხებული უღელტეხილია ხიდა (2633 მ), რომელიც აფხაზეთს ზემო სვანეთთან აკავშირებს. სვანეთ-აფხაზეთის ქედი ტიპიური ალპური რელიეფით ხასიათდება, კოდორის ქედს კი უმეტესად ნაზი რელიეფი აქვს. აქ უკიდურეს დასავლეთ კირქვულ ნაწილში კარსტული რელიეფია განვითარებული.

მთიანი აფხაზეთი გამოირჩევა ზედაპირის ეროზიული დანაწევრების დიდი სიღრმით. გასწვრივი ტექტონურ-ეროზიული ხეობები შედარებით განიერი და დამრეცია, განივი კი ვიწრო და დახრილი. ბევრგანაა კანიონი და კლდეკარი. აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე გადაჭიმულია რთული აგებულების მთისწინეთის ზოლი, რომელიც მკვეთრად დანაწევრებული გორაკ-ბორცვიანი, სერებიანი და ტაფობებიანი რელიეფით გამოირჩევა. გავრცელებულია რელიეფის ტექტონურ-ეროზიული, კარსტული და მეწყრული ფორმები, აგრეთვე ზღვიური და მდინარული ტერასები. მთისწინეთში გამოიყოფა კირქვებით აგებული კარსტული (გაგრის, ახალი ათონის, სოხუმის, წებელდის) და არაკარსტული, ზოგან დამეწყრილი (განთიადის, მიუსერის, ეშერის და სხვა) უბნები. მთისწინეთს შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ აკრავს ალუვიური ვაკე-დაბლობები, რომლებიც ზღვისაგან დიუნებით არის გამოყოფილი. სოხუმის ჩრდილო-დასავლეთით ვაკე-დაბლობს მცირე ტერიტორია უჭირავს, სამხრეთ აღმოსავლეთით კი თანდათანობით განვითარდება (სამურზაყანოს დაბლობი). აფხაზეთის სანაპირო ზოლი სწორხაზოვანია. აღსანიშნავია სოხუმისა და გაგრის უბეები, ბიჭვინთისა და სოხუმის კონცხები.

geologiuri agebuleba da sasargeblo wiaRiseuli

აფხაზეთი მოიცავს კავკასიონის სამხრეთი ფერდობის ნაოჭა სისტემისა და საქართველოს ბელტის დასავლეთ ნაწილების სტრუქტურებს. აქ წარმოდგენილია კამბიულისწინა, პალეოზოური, მეზოზოური და კაინოზოური ასაკის ქანები. კამბიულისწინ მეტამორფოზული ქანები ტერიტორიულად ჩრდილოეთ ნაწილშია გაშიშვლებული. პალეოზოური ასაკის ქანები - მეტამორფული ფიქლები , გრანიტოიდები, იშვიათად მარმარილო - გაშიშლებულია აგრეთვე ჩრდილოეთ ნაწილში, კავკასიონზე. ეს ქანები ინტენსიურად დეფორმირებული და დაწყვეტილია. მდინარეების ბზიფისა და კოდორის სათავეები ძირითადად ძლიერ დანაოჭებული ქვედაიურული შავი თიხაფიქლებითა და შუაიურული ვულკანური ქანებითაა აგებული. შუაიურული ასაკისაა აგრეთვე ქალაქ ტყვარჩელის მიდამოები, მდინარეების ფსოუსა და ბზიფის აუზების ქვანახშირის შემცვლელი თიხები და ქვიშაქვები. ზედაიურული ასაკის ქანები უმთავრესად რიფული კირქვებით არის წარმოდგენილი და აფხაზეთის ცენტრალურ ნაწილშია გავრცელებული. აღმოსავლეთით კირქვებს ცვლის თაბაშირიანი ფერადი თიხები და ქვიშაქვები, ხოლო ჩრდილოეთით თიხები, ქვიშაქვები დათხელშრეებრივი კირქვები. აფხაზეთის სამხრეთ ნაწილში გავრცელებული ცარცული და პალეოცენურ-ეოცენური ქანები ძირითადად კირქვებით და მერგელებით არის წარმოდგენილი, ხოლო ოლიგოცენური და ნეოგენური ასაკის ნალექები - ქვიშაქვებით, თიხებით და კონგლომერატებით. ეს უკანასკნელი შედგება კავკასიონის ამგებელი ქანების გადანარეცხი მასალებისაგან. აფხაზეთის სამხრეთ ნაწილში ზედაიურული, ცარცული, პალეოგენური და ნეოგენური ასაკის ქანები სუსტად არის დანაოჭებული. აფხაზეთი გეოლოგიურ აგებულებაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს მეზოზოური ასაკის მაგმურ ქანებს (კარდივაჩის, სანჩარის, ლაბის, კელასურისა და გორაფის გრანიტოიდები და დიორიტები; ზედაიურული ასაკის დიაბაზის შრეძარღვები).

აფხაზეთის წიაღისეულიდან აღსანიშნავია ტყვარჩელისა და ბზიფის ქვანახშირის საბადოები, მდინარე ბზიფის სათავეში ვერცხლისწყლის საბადო. ბევრგანაა ტყვიის, თუთიის, სპილენძისა და სხვა ლითონების მადანგამოვლინებები. არალითონური წიაღისეულიდან გვხვდება ძირითადად ბარიტი (ბზიფის, კოდორის, მოქვისა და ააფსთის ხეობებში) და თაბაშირი, ხოლო საშენი და შესამოსი მასალიდან კირქვა, სააგურე თიხა, სერპენტინიტი, დიაბაზი და დიორიტი. განსაკუთრებით უხვად არის სამკურნალო მინერალური წყლები-ნახშირორჟანგიანი მინერალური წყაროები მდინარეების კოდორის, საკენის, გვანდრის, ჩხალთის ბზიფის, ავადჰარისა და სხვა ხეობებში, ხოლო თერმული სამკურნალო წყლები ტყვარჩელის, სოხუმის, ახალი ათონისა და გაგრის მიდამოებში.

hava

აფხაზეთში ჰავის ტიპები სიმაღლებრივი ზონების სახითაა გავრცელებული: ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავა თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით (ზ. დ. 300-400 მ-მდე); ნოტიო ჰავა ზომიერად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით (300-400 მ--დან 1000-1100 მ-მდე); ნოტიო ჰავა ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი გრილი ზაფხულით (1000-1100 მ-იდან 2000-2100 მ-მდე); მაღალმთის ნოტიო და გრილი ჰავა (2000-2100 მ-იდან 2800-2900 მ-მდე) და მაღალმთის ნივალური ჰავა (2800-2900 მ ზევით). ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა ვაკედაბლობზე 13.9-იდან 15 °C-მდე მერყეობს, გორაკ-ბორცვიან მთისწინეთში არის 13-14 °C, ხოლო მთებში, 2600 მ სიმაღლეზე, 0 °C; აფხაზეთის კავკასიონის უფრო მაღალ მთებში -9, -10 °C-მდე ეცემა. ყველაზე თბილი თვის (ივლისი-აგვისტო) საშუალო ტემპერატურა უმაღლეს მტებზე 0 °C-ზე დაბალია, სოხუმში კი 24.5 °C აღწევს. ყველაზე ცივი თვის საშუალო ტემპერატურა სანაპიროზე 6 °C არემატება. 500-600 მ-მდე იანვრის საშუალო ტემპერატურა ყველგან 0 მაღალია, ამიტომ იგი სუბტროპიკულ სარტყელს მიეკუთვნება. ზემოთ ტემპერატურა კლებულობს და აფხაზეთის კავკასიონის თხემზე -18, -19 °C-მდე ეცემა. ჰაერის აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურაა 40-იდან 10-15 °C-მდე, აბსოლუტური მინიმალური შესაბამისად -13-დან -35 °C-მდე. მკვეთრია ტემპერატურის რყევა მთათაშუა ქვაბულებში, სადაც აღნიშნება ტემპერატურული ინვერსიები. 500-600 მ სიმაღლეზე აქტიური სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 200 დღემდე გრძელდება, ხოლო 10 °C-ზე მაღალი ტემპერეტურათა ჯამი 3000-3500° აღწევს, რაც სავსებით საკმარისია ბუნებრივი და კულტურული სუბტროპიკული მცენარეებისათვის. აფხაზეთი მდიდარია ატმოსფერული ნალექებით, მაგრამ იგი არათანაბრადაა განაწილებული როგორც ცალკეულ რაიონებს შორის, ისე წლის სეზონების მიხედვით. სანაპირო ზოლში საშუალოდ წლიურად 1310 მმ-იდან 1500-1550 მმ-მდე ნალექი მოდის. მთისწინეთსა და მთებში ნალექების რაოდენობა მატულობს: დურიფში (250 მ) - 1980 მმ, გაგრის ქედზე (1644 მ) - 2280 მმ, ავადჰარარაში (1600 მ) - 2480 მმ; ბზიფისა და კოდორის ქედების სამხრეთ კალთებზე 3000 მმ აღემატება. შედარებით ნაკლები ნალექი მოდის მთათაშორის ქვაბულებში (1500-1800 მმ). ნალექების მაქსიმუმი ზამთარშია მინიმუმი ზაფხულში. ამ მხრივ იგი ხმელთაშუა ზღვის ჰავის ტიპს ემსგავსება, ზამთარში ნალექების მნიშვნელოვანი ნაწილი თოვლის სახით მოდის. თოვლის საფარის სისქე ზღვისპირა ზოლში 10 სმ, მთებში კი 2-4 მ-ზე მეტია.

Siga wylebi

აფხაზეთის მდინარეთა ქსელი ხშირია. მთავარი მდინარეები კოდორი, ბზიფი, ღალიძგა, გუმისთა მოქვი და სხვები მიეკუთვნებიან შავი ზღვის აუზს. სასაზღვრო მდინარეებია ენგური და ფსოუ. მდინარეებზე ბევრი წყალვარნილი და ჭორომია, ახასიათებთ სწრაფი დინება, შესართავებთან ქმნიან მცირე დელტებს. მთავარი მდინარეები შერეული საზრდოობისაა: ზ. დ. 2000 მ-მდე უმთავრესად წვიმის წყლით, ზემოთ - თოვლისა და ყინულის დნობის წყლით. მიწისქვეშა წყლებით საზრდოობის როლი დიდია კარსტულ ზონაში. დონეების მაქსიმუმი გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისშია, მინიმუმი - ზამთარში. დროგამოშვებით იცის წყალმოვარდნები. შედარებით მუდმივი დომით გამოირჩევიან კარსტული მიწისქვეშა მდინარეები. აფხაზეთში ბევრი ტბაა: რიწა, ადუედა, აძიჟი, დერიკვარაძიში, ყვარაში, პატარა რიწა, ამტყელი, ცისფერი ტბა და სხვა. ისინი მაღალ მთებშია განლაგებული, უმეტესად მყინვარული და კარსტული წარმოშობისაა. ზღვისპირა ვაკე დაბლობზე ლაგუნური (ინკითის, ბებესირის, პაპანწყვილის) და ნამდინარევი ტბებია. ზოგი ტბა დონისა და სარკის ფართობის მკვეთრი ცვლილებადობით ხასიათდება. ტბების ნაწილი მდიდარია იქთიოფაუნით. ზღვისპირა ვაკე-დაბლობზე არის ჭაობები, რომელთა ნაწილი ამოშრობილია ან ამოშრობის პროცესშია. აფხაზეთის მაღალმთიან ნაწილში 376 მყინვარია (ფართობი დაახლოებით 70 კმ²), რომელთაგან მხოლოდ ხუთია პირველი თანრიგის.

niadagebi

აფხაზეთის ზღვისპირა ვაკედაბლობებზე ალუვიური და ჭაობიანი ნიადაგები ჭარბობს. ჭარბტენიან ვაკე-დაბლობებზე ჭაობიანი და ტორფიან-ჭაობიანი ნიადაგებია, რომლებიც ტიპიურად გამოხატულია გალის რაიონის ზღვისპირაზოლში. უკეთ დრენირებულ დამრეც ვაკე-დაბლობებზე ეწერი და ალუვიური კარბონატული ნიადაგებია გაბატონებული. გორაკ-ბორცვიან მთისწინეთში ვულკანოგენური ქანების გამოფიტვის პროდუქტებზე, ყვითელმიწები და წითელმიწებია, კირქვებისა და მერგელების გამოფიტვის პროდუქტებზე - ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები. ეს ნიადაგები ხელსაყრელია ჩაის, ციტრუსების, ვაზისა და სხვა კულტურებისათვის. აფხაზეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი ტყეების ნიადაგებს უკავიათ. ისინი ქვედა, კირქვებით აგებულ, ზონაში წარმოდგენილია ნეშომპალა-კარბონატული, ხოლო არაკირქვულ ზონაში - საშუალო და მცირე სისქის ტყის ყომრალი ნიადაგებით. ზედა ზონაში ტყის ზედა სარტყელის კორბონატული ან ღია და გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგებია. სუბალბურ ზონაში კორდიანი და კორდიან-ტორფიანი მთის მდელოს ნიადაგებია, ხოლო ალპური მდელოების ზონაში - პრიმიტიული, მცირე სისქის კორდიან-ტორფიანი მთის მდელოს ნიადაგები. მცირე უბნების სახით თითქმის ყველა ზონაში გვხვდება ძლიერ ჩამორეცხილი და სუსტად განვითარებული ნიადაგები.

mcenareuli safari

აფხაზეთში 2000-ზე მეტი სახეობის მცენარეა, მათ შორის 150 სახეობის ხე და ბუჩქოვანი მცენარე. მცენარეულობა მდიდარია ენდემებით და რელიქტებით გავრცელების მხრივ ქმნიან მკაფიოდ გამოხატულ სიმაღლებრივ ზონებს. ზღვისპირა დიუნურ ზოლში იზრდება ფსამოფილური მცენარეულობა: რძიანა, ლურჯი ნარი, ზღვის სალათა, ზღვის შროშანა, ისლი და სხვა. ურო ღრმად მათ ქსერომიფოტული ბუჩქნარები (ძეძვი, კუნელი, ზღმარტლი, მაყვალი) ენაცვლება. ბიჭვინთის კონცხი შემოსილია ქსერომორფული ბუჩქნარებიანი რელიქტური ბიჭვინთის ფიჭვისკორომებით, რომლებიც ნაკლებადაა გამოცხადებული. ტენიან ვაკე-დაბლობებზე და მდინარისპირა ჭალებში ჭარბობს მურყნარი, რომელშიც შერეულია თუთა, იფანი, რელიქტური ლაფანი და სხვა. ჭარბტენიან უბნებში იზრდება ლელი, ჭილი, ისლი, წყლის ბაია, ჭარბობს ზამბახი; აქა იქ გვხვდება ტორფიანი ჭაობებიც. გორაკ-ბორცვიანიმთისწინეთი და მთების ქვედა კალთები (600-700 მ-მდე) მეზოფილურ კოლხურ ტყეებს უჭირავს. მთავარი ჯიშებია მუხა, რცხილა, წავლი, წიფელი, იფანი, ცაცხვი, მურყანი. მდიდარია გარეული ხეხილით (ლეღვი, პანტა, მაჟალო, ხურმა, ზღმარტლი, ტყემალი). ქვეტყეში იზრდება მარადმწვანე (შქერი, წვავი, ბაძგი, ბზა) და ფოთოლმცვივანი (თხილი, იელი, მოცვი) ბუჩქოვანები. ნოტიო ხეობებში გვხვდება რელიქტური უთხოვარი, ხშირია ლეშამბო: ეკალღიჭი, სურო, ღვეტკეცი, უსურვაზი, ზღვისპირა ვაკე-დაბლობებისა და გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთების ბუნებრივი მცენარეულობა მკვეთრად სახეშეცვლილია, უმეტესად გაჩეხილია. ამჟამად ჭარბობს მეორეული დაჯგუფებები და კულტურული ნაკვეთები: ბაღები, ბოსტნები, ჩაისა და ციტრუსოვანთა პლანტაციები. აფხაზეთის ტერიტორიის დაახლოებით 55% ტყით არის შემოსილი. დაბალმთიან ზონაში გავრცელებულია წიფლნარი, მასთან ერთად იზრდება რცხილა, წაბლი, ცაცხვი, ნეკერჩხალი, სოჭი და სხვა. ქვე-ტყეში ხშირია ბზა, თაგვისარა, შქერი, წყავი და მოცვი. საშუალმთიან ზონაში შერეული ტყეებია გაბატონებული. აქ ტიპიურია წიფლნარ-სოჭნარი და წიფლნარ-ნაძვნარი, გვხვდება ნაძვნარ-სოჭნარიც. წიფლნარი ზოგან ტყის ზედა საზღვრამე ადის. მთის ტყეებს ზემოთ სუბალპური ტანბრეცილა ტყეების, ბუჩქნარებისა და მაღალბალახეულობის ზოლი აკრავს. სუბალპური ტყეები ძირითადად შედგება მთის ნეკერჩხლისა და არყის ტანბრეცილა ხეებისაგან. ბუჩქოვანებიდან იზრდება ღვია, მოცვი, დეკა, ასკილი, მაღალბალახეულში ნაირბალახი ჭარბობს. სუბალპური მაღალბალახეულობა ზემოთ თანდათანობით გადადის სუბალპურ მდელოებში, სადაც ფართოდაა გავრცელებული ანგელოზა, დეზურა, ტილჭირი, კატაბალახა, კენკეშა, თივაქასრა და სხვა. მაღალი ქედების თხემები (2200-2800) უჭირავს ალპურ მდელოებს, რომლებიც ქვედა ნაწილში ქმნიან მთლიან საფარს, ზემოთ კი - ცალკეულ „ხალიჩებს“. ძარბობს კობრეზია, ნაღველა, ქვატეხია, წივანა, ბაია, ბუჩქისძირა, აფხაზეთის კირქვიანი ქედების სუბალპური და ალპური მდელოები მდიდარია მცენარეტა ენდემური სახეობებით. მაღალმთის მდელოები წარმოადგენს საზაფხულო საძოვრებს. აფხაზეთი მდიდარია ძვირფასმერქნიანი, სამკურნალო ნაყოფის მომცემი, საკვებად ვარგისი, თაფლოვანი და მთრიმლავი მცენარეებით.

cxovelTa samyaro

აფხაზეთის ტერიტორიაზე გვხვდება როგორც ბარისა და მთის ტყის, ისე მაღლმთის ცხოველტა სახეობები. სუბალპურ და ალპურ მდელოებზე ბინადრობს ჯიხვი და არჩვი, რიწის ტყეებში ცხოვრობს კავკასიური ირემი. მრავალგანაა შველი, გარეული ღორი. XX საუკუნის დასაწყისში მოისპო კავკასიური დომბა. ფართოდაა გავრცელებული მგელი, ტურა, მელა, მაჩვი, კვერნა (თეთრყელა და ყვითელყელა), დედოფალა; ზოგან გვხვდება წვავი, ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში - ევროპული წაულა. ტყეებში ბინადრობს მურა დათვი, ფოცხვერი და ტყის კატა. ახლო წარსულში იყო ამიერკავკასიური ჯიქიც. ბევრია კურდღელი, კავკასიური ციყვი, ალთაური ციყვი (აკლიმატიზებულია), ძილგუდა ტყის დათვი, ყვითელყელა თაგვი, ჩია თაგვი, ბუჩქნარისა და ჩვეულებრივი მემინდვრია, აკლიმატიზებულია ნუტრია. მრავალგანაა ცხვირნალა, მღამიობი, პონტური ზღარბი, თეთრმუცელა კბილთეთრა, დიდი კბილთეთრა და სხვა.

ფრინველებიდან მაღალ მთებში ბინადრობს კავკასიური შურთხი, კავასიური როჭო, მაღრანი, ალპური ჭკა, ბევრია მწყერი, ტყის ქათამი, ყურყუმელა, იხვი, თოლია, ყანჩა ოფოფი, ნამგალა, ძერა, ქორი, მიმინო, არწივი, ორბი, ბატკანძერი, ბუ, ზარნაშო, ყვავი, ყორანი, მოლაღური, სკვინჩა და სხვა.

ქვეწარმავლებიდან გვხდება ხვლიკი, ბოხმეჭა, სპილენძა, გრძელი მცურავი, კავკასიური გველგესლა, ჭაობის კუ და სხვა.

ამფიბიებიდან: გომბეშო, ტყის ბაყაყი, ვასაკა, ტრიტონი დასხვა.

მდინარეებსა და ტბებში არის კალმახი, კოლხური წვერა, კოლხური ღორჯო, მურწა, ლოქო, გამბუზია. ზოგ მდინარეში შავი ზღვიდან შედის რაგული, სვია, ატლანტური ზუთხი, ფორეჯი და სხვა.

ბევრია მწერი, მორიელი, ობობასნაირი, კიბოსნაირი, მოლუსკი და სხვა.

აფხაზეთში ფაუნისა და ფლორის დასაცავად შექმნილია რიწის, ბიჭვინთისა და მიუსერის ნაკრძალები.

 

afxazeTis foto galerea
         

 

ადმ. ცენტრი სოხუმი
კოორდინატები 43°05`01″ ჩ. გ. 41°15`49″ ა. გ.
ფართობი 8 665 კმ2 
მოსახლეობა 2 013 (1994),
2 011 (1995) ,
2 008 (1996)
სიმჭიდროვე  
ოფიციალური ენა ქართული ენა და აფხაზური ენა
ეროვნული შემადგენლობა  
რელიგიური შემადგენლობა  
სატელეფონო კოდი 44
სასაათო სარტყელი UTC+4
ოფიციალური საიტი http://abkhazia.gov.ge/

 

 

   

 

 

აფხაზეთის დროშა

აფხაზეთის გერბი

 

RirSesaniSnaobebi
1 აბაათა გაგრა
2 ამბარას სამეკლესიიანი ბაზილიკა გუდაუთა
3 ახალი ათონის (ივერიის მთის) მონასტერი გუდაუთა
4 ახალი ათონის სვიმონ კანანელის ეკლესია გუდაუთა
5 ბედიის მონასტერი ოჩამჩირე
6 ბესლეთის ხიდი სოხუმი
7 ბზიფის ციხე გუდაუთა
8 ბიჭვინთის მონასტერი გაგრა
9 გაგრის ეკლესია ბაზილიკური გაგრა
10 განთიადის ბაზილიკა გაგრა
11 დიოსკურიის ციხე სოხუმა
12 დოლმენები გუდაუთა
13 დრანდის გუმბათიანი ტაძარი გულრიფში
14 ილორის წმ. გიორგის ეკლესია ოჩამჩირე
15 კელასურის კედელი სოხუმი
16 ლიხნის ეკლესია აბა-ათა გუდაუთა
17 ლიხნის კომპლექსი გუდაუთა
18 მოქვის მონასტერი ოჩამჩირე

 

1 აბღარქუხის არქიტექტურული კომპლექსი    
2 ბაღმარანის არქიტექტურული კომპლექსი    
3 ბედიის მონასტერი    
4 ილორის ეკლესია    
5 კალდახვარის არქიტექტურული კომპლექსი    
6 მოქვის ტაძარი    
7 ოთხარის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი    
8 ოქტომბრის არქიტექტურული კომპლექსი    

კურორტები

afxazeTis istoria
აფხაზეთის სსრ აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
აფხაზეთის სამთავრო სოჭის კონფლიქტი

 

 

Cvens Sesaxeb

ჩვენი საიტი მოიცავს საქართველოს ფლორას და ფაუნაას. თქვენ მიიღებთ ბევრ საინტერესო ინფორმაციას ბუნებასა და დედამიწის შესახებ მათ შორის ცხოველთა სამყაროზე. ასევე გაეცნობით უიშვიათესი ჯიშის მცენარეებს. ჩვენი საიტის მეშვეობით თქვენ მიიღებთ ურიცხვ ინფორამციას ჩვენი ქვეყნის ბუნების შესახებ.

 

"წინამდებარე ტექსტი/ფოტოები გადმოკოპირებულია შემდეგი ინტერნეტ წყაროებიდან: https://apa.gov.ge/ge/, https://www.wikipedia.org/. აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ადმინისტრაციას მითითებულ საკონტაქტო რეკვიზიტებზე.